X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

31 ივლისი 2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტრომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დაასრულა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა.

აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.

ბაკურციხე-წნორის გზა, ალაზნის ველის მხარეს აშენდა და საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი - შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს.

ახალი გზის გახსნამდე, ავტოტრანსპორტი მოძრაობდა 7 მჭიდროდ დასახლებულ პუნტში და გამოირჩეოდა მაღალი ინტენსივობითა და მზარდი საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობით. შესაბამისად, არ იყო უზრუნველყოფილი საგზაო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საგზაო მოძრაობის ნორმები.

დღეიდან ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. სატრანსპორტო ნაკადები გადაინაცვლებს ბაკურციხე-წნორის მაგისტრალურ გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტს.

საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილია დასახლებებში გამავალი ძველი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია, სადაც დაიგება ახალი საფარი, მოეწყობა სადრენაჟე არხები და ტროტუარი.